Saturday, December 4, 2010

დეკემბერი დადგაო და............

აცივდა....
ზამთრისპირი დამდგარა თბილისში....და არა მარტო თბილისში.....
ბუნება სუსხსსაც გვიგზავნის და სითბოსაც იმეტებს....
–მაშინ, ჩვენ რა მოგვდის, ადამიანებო?!გავიმეტოთ ღიმილი და სითბო ერთმანეთისათვის, დავძლიოთ ბუნებისაგან გამოგზავნილი სიცივე ჩვენს გულებში აგიზგიზებული ცეცხლით!  –მაინც,რა ჰქვია ამ ცეცხლს?! დამავიწყდა....შემახსენე!...
–რა? ვერგავიგე.....შენც ვერ იხსენებ სახელს?
–მაშინ მაგრძნობინე!


სიყვარულის ახსნა


 სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
Photoshop - Луна над полем

და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო,
მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;
რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით
სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული,
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით;
ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი,
სული აქილევსის ვეება ქუსლია...
და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი,
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი.
  

ტეგები:

ქალაქის გამწვანება


ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სიმწვანე, სისუფთავე და სილამაზე მოვლას მოითხოვს
თბილისის მერიის მიერ, ქალაქის მასშტაბით არსებული ყველა ბაღ-პარკის სამშენებლო-აღდგენითი და გამწვანების სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს. სულ მალე ყველა თაობის წარმომადგენელს ექნება საშუალება, მისთვის ადეკვატური, კარგად ნაცნობი გარემოს ხშირი სტუმარი გახდეს და ბევრ სიახლესაც ეზიაროს. ვაკის პარკი, ვერის ბაღი, მრგვალი ბაღი, ბავშვთა ქალაქი მზიური, გლდანის პარკი, ვარდების ბაღი, მუშთაიდის პარკი, თბილისის ზღვის პარკი და თბილისის სხვადასხვა უბანში გაფანტული უამრავი სკვერი,  მალე ქალაქისთვის წარმოუდგენელ სილამაზედ იქცევა.

განათებული, ხე-მცენარეებით, პალმებით, შადრევნებით, ვარდებითა და მოწესრიგებული მწვანე თარგებით, ატრაქციონებით, სპორტული მოედნებითა და სხვადასხვა გასართობი საშუალებებით გაფორმებული გარემო, ყოველი ჩვენგანისთვის დასვენების საუკეთესო საშუალება იქნება. ბუნების სიახლოვე სულიერი სიმშვიდის განცდასა და დასვენების საშუალებას მოგვანიჭებს.


"ვერტიკალური ბაღი"

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით ავლაბრის მეტროსთან საქართველოში პირველი ვერტიკალური ბაღი გაშენდა. ცოცხალი კედელი ავლაბრის მეტროს სადგურის ფასადზე ცნობილი ფრანგი ბოტანიკოსისა და ლანდშაფტის არქიტექტორის პატრიკ ბლანის პროექტით მოეწყო.

აღნიშნული ბაღის ანალოგი ევროპის ბევრ ქალაქში არსებობს და დეკორატიულ გამწვანებაში ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. თბილისის მერიამ ექსკლუზიური პროექტის განხორციელება 2010 წლის იანვარში დაიწყო.

ხელოვნურად გაშენებული ვერტიკალური ბაღი შენობის წინ მდებარე მდელოდან იწყება. მარადმწვანე და მოყვავილე მცენარეები 107 კვ.მ. ფართობს ვერტიკალურად ამწვანებს.

ვერტიკალური ბაღის გასაშენებლად  სულ 104 დასახელების 4 400 ძირი მოყვავილე და მარადმწვანე მცენარე იქნა გამოყენებული.  პროექტის ტექნოლოგიით ყველა ეს მცენარე შენობის კედელზე საგანგებოდ მოწყობილ თექაშია განთავსებული. თექის ქვეშ არსებული მიწის ხელოვნური მორწყვის სისტემა მცენარეებისთვის სასუქისა და წყლის მიწოდებას ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს. ნარგავები ყველა სეზონზე სხვადასხვა პერიოდულობით გაიხარებს.
 
“ყვავილების საათი”
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით ამჯერად თბილისი ორიგინალური დიზაინის ყვავილების საათით გამწვანდა. 
ყვავილების საათი ევროპის მოედანზე, 1450 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. საათის დიამეტრი 10 მეტრია.  საათის მოსაწყობად გამოყენებულია სულ 70 დასახელების 1200-მდე ყვავილი, რომლებიც ყველა სეზონზე სხვადასხვა პერიოდულობით გაიხარებს.  საათის შვეიცარიული მექანიზმი ტაივანში დამზადდა. მექანიზმის ტექნოლოგიის გათვალისწინებით, საათისა და წუთების მაჩვენებელი 3.40 და 5-მეტრიანი ისრების მიერ  ნაჩვენები დრო თანამგზავრზე ავტომატურ რეჟიმში სწორდება. 
საათის დიზაინი ევროპული ანალოგებისგან განსხვავებულია და თბილისისთვის არის შექმნილი. იმისთვის, რომ საათის ნახვა ყველა მხრიდან გაადვილდეს, მექანიზმი მოედნის ერთ-ერთ კუთხეში სპეციალურად მოწყობილ, 15-გრადუსიანი დახრის მქონე ბორცვზე დამონტაჟდა. საათი განსაკუთრებით აღქმადი რიყის პარკიდან იქნება. მოედანზე მოწყობილი დეკორატიული განათება  საათის აღქმას მთელი ღამის განმავლობაში უზრუნველყოფს  და კომპოზიციის ყველა ელემენტს გაუსვამს ხაზს.
პროექტის ავტორია ჰოლანდიური კომპანიის “Dutch Design Garden-ის” დიზაინერი მარტინ ველტკამპი.