Sunday, May 12, 2013

ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა ანუ ახალი კვირა ანუ აღდგომის განახლება.

ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულის. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირიაკე (კვირა დღე) აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღსდგა!“ - „ჭეშმარიტად!“

კვირაცხოვლობას ეწოდება აგრეთვე თომას კვირა შემდეგი მიზეზის გამო: სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო. აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო“. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღმთაებრივი ბუნება. „შენ იხილე და ირწმუნე, თომა, - უთხრა უფალმა - ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა“.

მაცხოვრის ეს სიტყვები გვეხება ჩვენ, მის შემდგომ ქრისტიანებს. ღმერთმა მოგვმადლოს ეს რწმენა და აღთქმული ნეტარება.

ასე რომ, წინ დიდი სიხარული გველის. ამ სიხარულის განცდას მით მეტად შევძლებთ, რაც უკეთ მოვემზადებით მის შესახვედრად მარხვით და ლოცვით.

უფალო იესო ქრისტე, ჩვენო მეუფევ და ღმერთო, დაგვეხმარე, რომ მოვიკრიბოთ სულიერი თუ ფიზიკური ძალები და შენთან ერთად ავიდეთ გოლგოთის უკანასკნელ აღმართზე, შენთან თანაჯვარსვეცვათ, თანადავეფლათ, რათა შენთანვე აღვდგეთ მკვდრეთით და დავიმკვიდროთ ჩვენთვის განმზადებული საუკუნო ადგილი მარჯვენით ღმრთისა და მამისა; ღმერთო, შენ აცხოვნე სრულიად საქართველო. ამინ.

კვირაცხოვლობა

კვირაცხოვლობა,ეს დღე თითქმის თანასწორია აღდგომისა. ბერძნულად „ანთიბასხა” ეწოდება, ე.ი. პასექის მსგავსი, ისეთივე, როგორიც არის აღდგომა. კვირაცხოვლობა გაცოცხლება, განახლებაა. ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის განიცდის ამ განახლებას. ასე რომ არ იყოს, მას გაუჭირდებოდა მიწიერი ცხოვრება. უფალი ამით უადვილებს ადამიანს, ცხოვრება განვლოს და გახდეს სასუფეველის მკვიდრი.ყოველთვის ხდება პიროვნების განახლება, როცა აღსარებას აბარებს მოძღვარს. ლოცვაში წერია :“აჰა, უფალი ჩვენი, იესო ქრისტე უხილავად დგას და ისმენს შენს სიტყვებს“, ე.ი. ხდება შეხვედრა უფალთან. ადამიანი როდესაც ღებულობს წმიდა ზიარებას, სახლში ლოცულობს, ესაც განახლებაა, შეხვედრაა უფალთან. მაცხოვარმა ბრძანა ამაღლების წინ: აჰა ესე რა, მე თქვენ თანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, სადაც ორნი ან სამნი ჩემი სახელით არიან, მე მათ შორის ვარო. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც, ამჟამად, ამ წუთს, ჩვენთანაა და თაყვანს ვცემთ მას. განახლებისათვის საჭიროა მხოლოდ რწმენა ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური,სიყვარული და სასოება. ეს სამი სათნოება თუ გვექნება, ჩვენ გავხდებით მკვიდრნი სასუფევლისა. აი, ეს განახლება და უფალთან შეხვედრა იქნება უფრო ხშირი, უფრო ძლიერი.

გილოცავთ კვირაცხოვლობას და მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი,“ მამისა და სულისა წმიდისა“ იყოს თქვენთან და საქართველოსთან. ამინ!

2013 წელი და დიდი სიხარული